logo
ENG



ღარიბაშვილმა მინისტრებს იმპორტიორების დაბარება და "მიუღებელ" ფასებზე ლაპარაკი დაავალა

06 თებ 202314:16
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილმა მინისტრებს იმპორტიორების დაბარება და "მიუღებელ" ფასებზე ლაპარაკი დაავალა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე მინისტრებს იმპორტიორების დაბარება და "მიუღებელი" ფასების განხილვა დაავალა. მისი თქმით, "ამხელა მოგებით" მუშაობა "აბსოლუტურად მიუღებელია".

"რამდენიმე კვირის წინ დავავალე კონკურენციის სააგენტოს, სურათის პროდუქტების ფასების შესწავლა მაინტერესებდა, რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრული მოგებით მუშაობენ იმპორტიორები.

შედეგი მართლაც იყო შემაშფოთებელი: ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე და აღმოჩნდა, რომ მაგალითად, ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, მარილი, ზეთი იქნება თუ სხვა, საბითუმო ფასებზე დამატებული არის 70, 60, 50, 80%-ია ფასნამატი.

ამას ემატება შემდეგ უკვე საცალო ფასნამატი, მინიმუმ, 35-30% და გამოდის, რომ ჯამში ჩვენს მოსახლეობას უწევს 100%-იანი ფასნამატით პროდუქტების შეძენა, რაც რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მინისტრებს მოუწოდა, რომ დაიწყონ ამ საკითხების შესწავლა და შესაბამისი გეგმა, თავისი გამოსავლით, მაქსიმუმ, ორ კვირაში წარადგინონ. მისი მტკიცებით, ხელისუფლება "ყველაფერს აკეთებს", რომ სიტუაცია შენარჩუნდეს და პარალელურად, იმპორტიორების მხრიდან "ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია".


close დახურვა